საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის ანგარიშმა საპარლამენტო ოპოზიცია მესამედ ჩააგდო ნოკაუტში.
მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიორგი კანდელაკს მიმართა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, რუსეთის სასარგებლოდ გატარებული „ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები“ გაახსენა.
„მესამე ნოკაუტის შემდეგ ოპოზიციას აშკარად უმტყუნა ნერვებმა. ბატონო გიორგი, სამშობლოს გმირივით რომ გამოდიხართ, სლუცკი და კავალიევი რომ ჩამოდიოდნენ საქართველოში მაშინ ხმა არ ამოგიღიათ, როდესაც მადლობას უხდიდით გიგი წერეთლის მხარდაჭერისთვის მაშინ შესაბამისი კანონი არ მოქმედებდა?!
ან, გავრილოვთან ერთად რომ იღებდა ფოტოებს, მაშინ არ მოქმედებდა ეს კანონი?! თუ რამე მორალური სტანდარტები არ მოქმედებდა?
ომიდან ორი თვის თავზე მხარს რომ უჭერდით რეზოლუციას, თითქოს ცხინვალი დაბომბა ქართულმა ჯარმა გაუფრთხილებლად და თითქოს რუსეთის შეტევა იყო საპასუხო, მაშინ რამე სტანდარტები არ მოქმედებდა?!
ახლა რომ გამოდიხართ ვაჟკაცივით აქ, ერთხელ ხომ შეიძლება პასუხი გასცეთ ამ სპეკულაციებს და მაიმუნობას თავი დაანებოთ?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











