მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს. ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.











