დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული და კვლევის შედეგების მიხედვით, მოწყვეტილი მასა დღეში, დაახლოებით, 5 სმ. სიჩქარით მოძრაობს.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი აცხადებს, მათ ერთმანეთს შეადარეს 19 მარტისა და 22 მარტის მოკვლევის შედეგები. მისი თქმით, 4 დღის განმავლობაში ბლოკური მეწყერი 25 სანტიმეტრითაა დაშორებული [მდებარეობას], თუმცა, ის აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ ციფრებში იყოს ცდომილება, რასაც სხვადასხვა მეთოდით გადამოწმებას ცდილობენ.
„აჩქარების გაზომვა მნიშვნელოვანია, რადგან თუ ის აჩქარდა, ეს ნიშნავს, რომ სხეული დაიძრა და ის ნელი მოძრაობიდან ჩამოწყდომაზე გადავა. ახლა სისტემა დაძრულია და ის მოძრაობს 5 სმ.-ით დღეში. ეს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ციფრია. ეს არ არის ცოტა. აუცილებელია გავამახვილოთ ყურადღება და როდესაც საფრთხეს ვზომავთ, ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ არა შესაძლო საფრთხეს, არამედ უარეს საფრთხეს. უნდა მოვემზადოთ უარესი საფრთეებისთვის. ყველა სცენარი უნდა განვიხილოთ, რომ პასუხისმგებელი ვიყოთ ქვეყანასა და მოსახლეობასთან“, – განაცხადა გოდოლაძემ.
თეა გოდოლაძის თქმით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს აქვს ლიმიტირებული რესურსები, არასაკმარისი აპარატურა მეწყრის მონიტორინგისთვის, რაც სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა.
„არავითარ შემთხვევაში მეწყერზე სამშენებლო სამუშაოები არ უნდა განვითარდეს. რა თქმა უნდა, მეწყერი გამოიწვია გზის ჩაჭრამ, სამუშაოებმა. ეს არის ქრესტომათია. ეს არის ყველაზე ცნობილი პრობლემა, რასაც არათუ გამოცდილი, გამვლელი გეოლოგიც კი იტყვის“, – განაცხადა გოდოლაძემ.
თეა გოდოლაძის თქმით, ისინი მზად არიან გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის.
„ძალიან ვთხოვთ ჩვენს გერმანელ კოლეგებს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ეს არის ის ხალხი, რომლებიც ვერეზე მუშაობდნენ და გვიცნობენ, რადგან 2017 წელს ჩვენგან მასალები წაიღეს, როცა ანალიზს აკეთებდნენ და იციან, რის გამკეთებელი ვართ. მზად ვართ, ყველაფერი გავდავცეთ, რა შედეგებიც გვაქვს. ველით შენიშვნებსაც, ანალიზსაც, აბსოლუტურად გახნილი ვართ“, – განაცხადა გოდოლაძემ.











