“სახალხო დამცველის ინსტიტუტი შემოვიდა ჩვენთან, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ ისევე როგორც ევროკავშირის და იუნისეფის. ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“სახალხო დამცველი პირველად შევიდა კონტაქტში ამ ბავშვებთან 2018 წლის შემდეგ და გარკვეული გაუცხოებასავით იქნებოდა. მეც, რომ მოვედი აქ გარეთ, რომ გამოვდივარ მოდიან ჩემთან ბავშვები და ერთად ვზივართ. პრობლემები თუ რამე იქნება ყველაფერს აღმოვფხვირით.
რაც უფრო მალე ავაშენებთ მცირე ზომის საცხოვრისებს, ამას ვხედავ მთავარ პრობლემად ახლა, სხვა არაფერს. სიტუაცია გამოსწორებული, უბრალოდ დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე.
ბავშვები გაუცხოებულები იყვნენ, შედარებით ახლა ისინი შემოდიან კონტაქტში. სხვა შეხვედრების დროს მეტად გახსნილები იქნებიან.
ერთ ბავშვს უნდა წასვლა, თბილისში უნდა გადასვლა, ახლა შესაბამის ადგილს მოიძიებენ. მე ვთქვი, ვისაც არ ენდომება არ გავაჩერებთ აქ, ძალადობა არ შეიძლება არც ბავშვზე და არც უფროსზე” , – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობმა ახალი პანსიონის აშენებაზეც ისაუბრა :
“ახალი პანსიონის აშენებასთან დაკავშირებით მერე გეტყვით რა სახსრებით. ხელისუფლებას ბიუჯეტში ისედაც უჭირს, ბევრი პრობლემაა, მარტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ხომ არაა, ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რომელიც გადაიჭრება. ამიტომ უფრო სხვა გზებს ვნახავთ. გეტყვით იმას რომ ბიუჯეტის ფული არ იქნება. 25 მილიონზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და არასწორად ლაპარაკობენ. 25 მილიონზე და დაფინანსებაზე, რომ ლაპარაკობთ ეს არის კომპენსაცი, რა ზიანიც მიადგა ეკლესიას, ამიტომ ნუ გგონიათ, რომ ეკლესიას რაღაცას ჩუქნიან. რაც წინაპრებმა დააშავეს ეკლესიის წინაშე, იმ ფულს გვაძლევენ და იმ ფულსაც ვდებ სოციალურ და განათლების პროექტებში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონატში არასათანადო პირობების გამო, სასამართლომ ყველა ბავშვის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.











