საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტის კანდიდატად დასახელდა.
თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს მაშინ, როცა სიტუაციის ესკალაციას არ გამოიწვევს .
ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ სააკაშვილი საქართველოში არჩევნების შემდეგ ჩამოვა, თავად ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ შესაძლოა, მისი ჩამოსვლა რამდენიმე კვირეებშიც მოხდეს.
„სიტუაცია ძალიან მკვეთრად და რადიკალურად ყოველდღიურად იცვლება ისე, რომ შესაძლოა, რამდენიმე კვირეებში, არჩევნებამდეც შეიქმნას მსგავსი სიტუაცია.
არ მინდა, ჩემი გადაადგილება გამოიყენონ ძალადობის საბაბად, მათ შორის უცხო ქვეყანამ.
მე ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე. ერთი წელი კოჰაბიტაციის პირობებში ვიმყოფებოდი, რადგან ეს სჭირდებოდა ქართულ დემოკრატიას.“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განაცხადა შემდეგი:
„მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. მნიშვნელოვანია, ყველაფერი იყოს მშვიდობიანად, რადგან ტავის დროზე, ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად. არ დავუშვებ არეულობას“ .











