არის თუ არა ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება? – ამ კითხვით „პრაიმტაიმნიუსმა“ გუბაზ სანიკიძეს მიმართა, რომელიც ირწმუნება, რომ განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ უფრო შეიმჩნევა, ვიდრე გაერთიანებულ ოპოზიციაში.
„განხეთქილება ხდება, როცა რაღაცა არის ერთიანი. ერთიანი არ ყოფილა არაფერი. იყო თემატური ერთობა, რომელმაც თავის მიზნებს მიაღწია. ახლა ყველა თავის კამპანიას ჩაატარებს. არავითარი განხეთქილება არ არის ოპოზიციაში. ნუ აჰყვებით ბიძინას ნარატივს. განხეთქილება მოიკითხეთ „ქართულ ოცნებაში“ , ერთმანეთს ბლაგვ ნაჯახებს რომ ურტყამენ“, – განაცხადა მან.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სანიკიძე აცხადებს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.
„მხარს ვუჭერ სააკაშვილს. გამოვედი და დავაფიქსირე, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილია ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია. მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ეს პრობლემა მოგვარებადია, გადაულახავი ნამდვილად არ არის“,- განაცხადა სანიკიძემ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. თუმცა როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება.
ასევე, ნახეთ – სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად?! – რას ამბობს „ნაცმოძრაობა“ და რას ამბობს კანონი











