„როგორც იქნა ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები, ბოლო წლების განმავლობაში, რაც ის ხელისუფლებაში აღარ არის, მან გაბედა და პირველად გამოიყენა ფრაზა უმძიმესი შეცდომები“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვა ამომრჩევლების ხმაზე იყო გათვლილი და ეს არ იყო ნამდვილი სინანული.
„ის, რასაც აქამდე შეცდომებს არქმევდნენ, არის ძალიან მძიმე დანაშაულები, რაც სასამართლოს მიერ არის განაჩენით დადასტურებული
აღიარა, რომ მოჩვენებითი განვითარება მიმდინარეობდა ქვეყნაში და შემდეგ ხალხმა აღმოაჩინა, რომ თურმე 34-დან 30 პროცენტამდე შემცირებულა სიღარიბე. თურმე განვითარება ყოფილა ფასადური. ის, რომ საბოლოო ჯამში ადამიანის უფლებები იმდენად იყო „დაცული“, რომ როდესაც ოჯახის წევრი ერთი ოთახიდან მეორეში გადიოდა, ტელეფონს მეორე ოთახში ტოვებდა, რომ რამე არ წამოცდენოდათ, რისთვისაც შემდეგ აწამებდნენ. ეს აღიარა, რასაც შემდეგ დაარქვა უმძიმესი შეცდომები.
მისი სატელიტები კი დღეს ვერ ბედავენ, რომ მას პოლიტპატიმარი არ დაარქვან. ისინი, რომლებიც ამ დანაშაულების აღმსრულებლები იყვნენ. ის იყო ბელადი და დანარჩენი, ვინც ოპოზიციაშია, იყო დაკვეთის შემსრულებლები. ამ აღიარების მიზანი იყო ხმების მოპოვება და არა სინანული“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











