მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, უკრაინასა და საქართველოში, აშშ-ს მტკიცე მოკავშირე ვარ. მე მიცნობენ, როგორც მთელ ამ რეგიონში ყველაზე გამორჩეულ, პროამერიკულ ხმას, სადაც დემოკრატია პუტინისა და მისი ოლიგარქი მეგობრების მიერ მუდმივად ალყაშია. აშშ-ის მიმართ ჩემს პოზიციას არასდროს შევიცვლი. აშშ არის შეუცვლელი სტრატეგიული პარტნიორი და მსოფლიოში დემოკრატიის მაგალითი.
ამასთან, ამ კრიტიკულ პერიოდში, უნდა გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება მაიკ პომპეოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. გახარიასთან, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წამყვანი თოჯინაა და უშუალოდ კრემლის მიერ კონტროლდება.
არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე, საქართველო გზაჯვარედინზე დგას. ქართველი ხალხი პროდასავლური და პროამერიკელია, რასაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული გამოკითხვებიც აჩვენებდა. ამასთან, საქართველოს მთავრობამ, რომელსაც გახარია ხელმძღვანელობს და რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, 2012 წლიდან ცალსახად აჩვენა, რომ ისინი ხელს შეუწყობენ იმას, რომ საქართველო, ქართველი ხალხის სურვილების გათვალისწინების გარეშე, კრემლის გავლენაში დაბრუნდეს.
ეჭვი არ მეპარება, რომ პომპეომ ეს ძალიან კარგად იცის. მაგალითისთვის – ივანიშვილმა, გახარიამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის განადგურება, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის პერიოდშივე გავითვალისწინე. თავად პომპეომ რამდენჯერმე, საჯაროდ ხაზგასმით აღნიშნა ანაკლიის უზარმაზარი მნიშვნელობა აშშ-სა და საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად ხვდება „ქართული ოცნების“ როლს ამ პროექტის მარცხში. ამით ივანიშვილმა და გახარიამ რუსეთის ინტერესების შესაბამისად იმოქმედეს და აშკარად უგულებელყოფდნენ ვაშიგტონის გაფრთხილებებს. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, ასეთი კიდევ ბევრია.
რატომ კარგავს ამერიკა გავლენას საქართველოში? რადგან რუს ოლიგარქებს დიპლომატიური ენა არ ესმით. მათი მარიონეტები, ისევე როგორც გახარია, დასავლელი პარტნიორების დიპლომატიურ განცხადებებს არ უსმენენ. გახარია მხოლოდ პასუხობს ივანიშვილსა და მოსკოვს.
ამრიგად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის ეს არის აბსოლუტური დროის კარგვა გახარია დემოკრატიაზე საუბრებში ჩართოს. სინამდვილეში, ეს ამერიკის ინტერესებისთვის კონტრპროდუქტიულია. გახარიამ უკვე გამოაქვეყნა ტვიტი პომპეოსთან საუბრის შესახებ, თითქოს აშშ-ს მთავრობამ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. დარწმუნებული ვარ, ეს არ მომხდარა. მაგრამ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ივანიშვილსა და მის დამქაშებს არ უნდა მისცენ შესაძლებლობა მათი სიტყვები შემოატრიალონ.
ქართველმა ხალხმა უკვე კარგად იცის, რომ ივანიშვილი, გახარია და მმართველი პარტია საქართველოში, აშშ-სა და ქართული ინტერესების ხარჯზე, რუსეთის დესტრუქციულ დღის წესრიგს ავრცელებს. ეს ფაქტია და დროა ამერიკამ აშკარა პოზიცია დაიკავოს. თუ მოსკოვის თოჯინები არჩევნებში კვლავ გაიმარჯევებენ, ეს აშშ-ს ინტერესებისთვის ამ რეგიონში დამანგრეველი დარტყმა იქნება. ეს ყველაფერი გაანადგურებს იმ უზარმაზარ რესურსებსა და ინვესტიციებს, რომლებიც ამერიკელმა ხალხმა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის რამდენიმე ათწლეულიანი ისტორიის განმავლობაში ჩადო.
ფსონები მაღალია, ვიდრე ოდესმე და იმედი მაქვს, რომ ეს ვაშინგტონის მომავალ განცხადებებში აისახება. თუ აშშ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად აღიქმება, მაშინ მილიონობით ქართველი, რომლებიც აშშ-ს ღირებულებებსა და დემოკრატიას მხარს უჭერდნენ და სამაგალითო ქვეყანად აღიქვამდნენ, იმედგაცრუებულები იქნებიან“,- წერს სააკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა











