საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს ერთ-ერთი ძირითადი საკითხი საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვაზე სანქციების გამკაცრება იყო.
პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უცხო ქვეყნაში მცხოვრებ პირებს ქართულ პოლიტიკაში ჩართვა არ უნდა აეკრძალოთ.
„მე მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა აეკრძალოს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა. მეტი კონკურენცია ნიშნავს, უკეთესს ხარისხს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი კი აღნიშნავს, რომ ყველაფერი დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან.
„ის რომ ნებისმიერ ადამიანს სხვა ქვეყნიდან არ უნდა შეეძლოთ არჩევნებზე გავლენის მოხდენა ზოგად კონტექსტს ვეთანხმები, თუმცა ყველას გვესმის, რომ ამ სიტუაციაში ეს არის სააკაშვილთან დაკავშირებული. ამ კონტექსტში ამ ცვლილებების შეტანა უფრო დაგვაცილებს“, – განაცხადა იოსელიანმა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება.











