საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც შეეხება ამნისტია. თავისუფლებააღკვეთილ პირებს საკმაოდ ბევრს შეეხება“,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე ისაუბრა.
„მოსალოდნელია რომ ეს რაოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე პირველი მოსმენის დროს იყო, განმარტებით ბარათში რაც არის მითითებული 800, სავარაუდოდ, 800-ზე მეტს შეეხება, ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა გაგვიჭირდება, წინაპირობებზეა დამოკიდებული“,-აცხადებს სარჯველაძე.
მისივე თქმით, განსაზღვრულია კონკრეტული ხასიათის დანაშაულები და წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლა.
„გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები, კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ 30-ზე მეტი მუხლი, კონკრეტული დანაშაული დაემატა, რომელიც პირველად რედაქციაში არ ყოფილა შესული. დამამძიმებელ გარემოებებს შეეხო, ისეთებს, რომელიც შესაძლებელი იქნა სხვადასხვა კონსულტაციების შედეგად. ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა რამდენიმე დანაშაულმა, მათ შორის ნარკოტიკულმა, ეკონომიკური სახის დანაშაულებმა, რომელთა მიმართაც გარკვეული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. გარკვეულ კატეგორიას, დანაშაულებისა, კვლავაც არ შეეხო ამნისტია, მათ შორის, ბუნებრივია მოიაზრება ოჯახში ძალადობის საკითხები, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სამოხელეო დანაშაულები და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმ ნაწილებს და მუხლებს, რომელიც დაემატა, ამის თაობაზე ინფორმაცია შეგიძლია მიიღოთ პარლამენტის ვებგვერდზე. საკმაოდ გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც შეეხება ამნისტია და დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, ისევე როგორც სხვა სტატუსის მქონე პირებს შეეცვლებათ სასჯელები. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი შვილების დედებს, ასევე სტუდენტებს, გარკვეული დათქმებით, კონკრეტული კატეგორიის დანაშაულების მიმართ ვინც არიან მსჯავრდებულები, თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეეცვლებათ. ასეთი დათქმა უპირობოდ ვერ იქნებოდა შემოღებული, შესაბამისად, განსაზღვრულია კონკრეტული ხასიათის დანაშაული და წინაპირობა, რომლის დაკმაყოფილებითაც შესაძლებელია შინაპატიმრობით სასჯელის შეცვლა“,-განაცხადა სარჯველაძემ.











