ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა, – ამის შესახებ წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ განაცხადა.
„ჯერჯერობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. სხვა არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. მას არ სურს საუბარი, ხვალ შევხვდებით ალბათ და დეტალურად გავისაუბრებთ. საქმის მასალები იქნება ხვალ.
როგორც ვიცი, ყველა მძევალი კარგად არის, არავისზე ზეწოლა არ მოუხდენია. მოთხოვნებზე მითხრა, რომ მისი მოთხოვნები იყო, დაეწიათ საბანკო პროცენტები, გაუქმებულიყო აზარტული თამაშები და იყო მესამე მოთხოვნაც. მე და ირმა ჭკადუა ვართ მისი ადვოკატები.
ის ყუმბარა იყო სანთებელა, ყუმბარის ფორმის სანთებელა, რომელიც შეიძინა. ეს სანთებელა რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ სანთებელა“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 20 ნოემბერს წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო „ემ ბი სის” შენობაში თავდამსხმელი შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა.
თავდამსხმელმა სამი მოთხოვნა წამოაყენა: აზარტული თამაშების გაუქმება, სესხის განაკვეთის 7 პროცენტამდე დაწევა, მედიკამენტებზე ფასების შემცირება.
სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას გულისხმობს.











