პარტნიორებს აქვთ ინფორმაცია, რეალურად რა მოხდა ოპოზიციასთან მოლაპარაკების დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ევროპარლამენტარების განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის შვიდი ევროპარლამენტარის განცხადება და ევროპარლამენტის მთლიანი პოზიციას არ წარმოადგენს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ფინანსურ სანქციებს ევროპარლამენტი არ აწესებს. ამაზე გადაწყვეტილებას ევროკომისია იღებს. ორი კვირის წინ ყველაზე მაღალი რანგის ფორმატში, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. სწორედ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება მიეცა რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით ატარებს. შესაბამისად, არანაირი კითხვის ნიშანი არ გამოთქმულა. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების პოზიცია ჩვენთვის საყურადღებოა, თუმცა ისინი მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას არ გამოხატავენ. დარწმუნებული ვართ, განცხადება, რომელიც ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა, არ განხორციელდება. ევროპული სტრუქტურების მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გვაქვს, რომელთაც აქვთ ინფორმაცია როგორც ჩვენგან, ასევე მედიატორისგან, რა მოხდა მოლაპარაკებების დროს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სიხარულით შეეგება.
რამდენიმე ევროპარლამენტარი, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.











