სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის პასუხობს და ამბობს, რომ ის გამოირჩევა მის მიმართ სტანდარტული კომენტარებით.
ლომჯარია დარწმუნებულია, რომ ვიცე-სპიკერს არ აქვს წაკითხული ომბუდსმენის ანგარიშები, რის გამოც სერიოზულად არ აღიქვამს მის კომენტარებს.
„ზოგადად ვუპასუხებდი იმას, რომ გია ვოლსკის აქვს ერთგვაროვანი კომენტარები ჩემი მისამართით – არ აქვს მნიშვნელობა, რა განცხადებას ვაკეთებ. მაქვს განცდა, რომ საქმეში ჩაუხედავად აქვს სტანდარტული კომენტარები. დარწმუნებული ვარ, არც აქვს ხოლმე წაკითხული ის ანგარიშები. მის შეფასებებს არ აღვიქვამ სერიოზულად და ვურჩევ, რომ კარგად გაეცნოს ხოლმე, უფრო კომპეტენტური პასუხები გასცეს, თუ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩემი განცხადებების შეფასებას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, გია ვოლსკიმ სახალხო დამცველის კრიტიკას გუშინ უპასუხა, სადაც ომბუდსმენმა განაცხადა, რომ „ქვეყანა დარჩენილია ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე“, – ლომჯარიას ამ განცხადებას გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ ომბუდსმენი ბრტყელ განცხადებებს აკეთებს პოლიტიკური პლატფორმიდან.










