ვფიქრობ, მიშელის დოკუმენტის დარღვევით მოსამართლეების დანიშვნა იყო პირდაპირ სილა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს უთავაზა „ქართულმა ოცნებამ“, ცხადია, ეს არ დარჩება შესაბამისი პასუხის გარეშე. მიშელის დოკუმენტის შესრულება არის ის საზომი, რომლითაც გაიზომება ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება” გააკეთებს უახლოეს მომავალში და ამ დოკუმენტის დარღვევას ექნება ძალიან სერიოზული შედეგები”,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ასე აღიქვეს ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორებმაც.
„ფაქტობრივად, გაფრთხილება დახმარების შეჩერებაზე ევროკომისიიდან მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას”, გაფრთხილება სანქციების შესახებ მიღებული აქვს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან. ამაზე უფრო მწვავე რეაგირება დასავლეთიდან „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე, მე, გასული 9 წლის განმავლობაში, არ მახსენდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.











