საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს მკლავჭიდელები ბოიკოტს უცხადებენ. როგორც მათ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განაცხადეს, ისინი აქტივობებს დროებით აჩერებენ.
„ჩვენი საპროტესტო გამოსვლები დაემთხვა პარლამენტის არჩევნებს და არის მცდელობა ჩვენი გამოსვლების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის, რისიც ჩვენ წინააღმდეგები ვართ. ჩვენ სპორტსმენები აპოლიტიკურები ვართ და ჩვენი გამოსვლები არის მკლავჭიდის განვითარებისთვის, ამიტომ მივიღეთ გადაწვეტილება დროებით შევაჩეროთ ჩვენი აქტივობები, რათა მოხდეს საბოლოოდ კორუმპირებული და მექრთამე ხელმძღვანელების ჩამოშორება.
ჩვენ სულ მალე განვაახლებთ აქტივობებს და აღდგება სამართალი მკლავჭიდში. ჩვენ სულ მალე ვაპირებთ საუბარს”,- განაცხადა მკლავჭიდელმა ვასილ დაუთაშვილმა.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელების და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა, მას კვერცხები დაუშინეს.
გამგეობის სხდომაზე მისულ სპორტსმენებს ადგილზე დაცვამ განუცხადა, რომ მათ სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანის მოთხოვნით ვერ შეუშვებდა.
მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს, ჯაჭვლიანს ჯერ წყალი შეასხეს, შემდეგ კი კვერცხები დაუშინეს. სპორტსმენები ითხოვდნენ, რომ ჯაჭვლიანს თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან ჯაჭვლიანი აპირებდა რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ვიცე-პრეზიდენტი რევაზ ლუთიძე.
სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.








