„არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიას ოჯახის წევრები მას მოსალაპარაკებლად ურეკავენ, თუმცა ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ჟვანიამ პასუხი უნდა აგოს.
„12:00 საათზე მივედი, ჩემი შვილიშვილი უკეთ იყო, გამოაცალეს რაღაცები, რამდენიმე წუთი ველაპარაკე, მითხრეს, ხვალ და ზეგ სიტუაცია გამოსწორდება და აღარავითარი რისკი არ გვექნებაო… მთავარია, ჩემი შვილიშვილი ამ ეზოში, სახლში კინაღამ მოკლეს. მერე ის კაცი გამოიქცა, ყველამ კარგად იცის, რაც გააკეთა და აგოს პასუხი. მირეკავენ ვიღაცები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არ არის. არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება…
ის კაცი, ვინც ეს ჩაიდინა, ჯერ საავადმყოფოში მოვარდა დილის 08:30 საათზე, შევარდა, ვითომ დაჭრილია, გაიკეთა დიდი რაღაც, მერე საღამოს კიდევ მოვიდა, ექიმიც მოიყვანა და კიდევ დაწვა საავადმყოფოში… რატომ? იმიტომ რომ გადარჩეს, მაგრამ ვერ გადარჩება“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
გოგი თოფაძის შვილიშვილი თბილისში 2 აგვისტოს დაჭრეს. ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამცველებმა ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ გოგი თოფაძის შვილიშვილს ცივი იარაღით დაზიანებები საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად ჟვანიაც.











