ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ფასდაკლებების გამო სავაჭრო მოლებში ხალხმრავლობამ პანდემიის საფრთხე გაზარდა, რაც ყოვლად მიუღებელი იყო.
„ის სურათი, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან იმ თვალსაზრისით, რომ უკეთ უნდა მოიფიქრონ, როგორ უნდა მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ელემენტარულმა ფასდაკლების აქციამ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა.
მისივე განცხადებით, მოლებთან დიალოგი გაიმართება იმაზე, თუ როგორ მოახერხებენ რიგების მართვას ახალი წლის წინა პერიოდში.











