“ამ შენობაში 450-ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, სერვისები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქ დასაქმებული ჩვენი თანამშრომლები მაღალი კვალიფიკააციით გამოირჩევიან. ვიცი, რომ მინისტრს აქვს საინტერესო ინიციატივები, ახალი იდეები რომელზეც მუშაობს 10-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მაღალ ხარისხიანს გახდის იმ სერვისებს, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის მთავარი აქცენტი, პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების, არამედ რეგიონების განვითარება. რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, სერვისები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.











