„მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100% და მისი პარტიის 99,19%. პატივს ვცემ ყველა განსხვავებულ აზრს. მე მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის ადამიანურად ნაწყენი“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიგი უგულავა ამბობს, ვაშაძის განცხადებებით ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას ზიანი არ მაიდგება.
„არანაირი მანდატი, არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მას ეს ხშირად აქვს, მაგრამ არანაირი ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. მე ვსაუბრობ ოპოზიციის სახელით. იგი ამაზე ვერ ისაუბრებდა, რადგან ეს მანდატი მას არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს.
ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს. მისი განსხვავებული აზრი არის მისი აზრი. მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100% და მისი პარტიის 99,19%. პატივს ვცემ ყველა განსხვავებულ აზრს. მე მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის ადამიანურად ნაწყენი. ახლა არც ერთი ადამიანის გარიყვის დრო არ არის, ეს პროცესი მიდის საერთო ოპოზიციური ქოლგის ქვეშ. ბუნებრივია გადაწყვეტილება შესაბამისი ფორმატითაც მიიღება. თუ მას არ აქვს სურვილი, რომ ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, არც იქნება. ამიტომ ვერ ვხედავ, რომ საერთო გადაწყვეტილებას რაიმე ზიანი მიადგეს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.











