თუ მთელი კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად მხოლოდ 500-700 ადამიანი იცრებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 5 ათასია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ვაქცინების მიმართ ნდობა უფრო და უფრო იზრდება, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
„ბევრმა ადამიანმა დაინახა, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ჩვენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი არ გვაქვს, ის ჯერ კიდევ გამოუცნობი დაავადებაა. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პანდემია დავამარცხოთ – ვაქცინაცია. ამ მხრივ ქვეყანაში ოპტიმიზმი არის და განსაკუთრებით ის მაჩვენებელი, რომელიც მოლოდინზე მიუთითებს, ბევრი ადამიანი ვაქცინას ელოდება,. დიდი იმედი გვაქვს, რომ როდესაც ივნისში ვაქცინების დამატებითი დოზა შემოვა, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.











