პარლამენტთან დაკავებული 4 სამოქალაქო აქტივისტი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
„ადვოკატებმა დავაყენეთ შუამდგომლობა, სასამართლო გადადებულიყო გონივრული ვადით, რომ გავცნობოდით წარმოდგენილ მტკიცებულებებს. შსს-მ წარმოადგინა ვიდეოფირები. მათი განმარტებით, იქ ასახულია ე.წ. სამართალდარღვევები. მოსამართლემ 4 დაკავებული გაათავისუფლა დარბაზიდან და შემდეგი პროცესი ჩაინიშნა 15 დეკემბერს“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა.აქტივისტების განცხადებით, მათ რკინის დროებით კედელზე წარწერის გაკეთებისა და სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე ორი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პარლამენტთან აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქტივისტებს გაშლილი აქვთ რამდენიმე კარავი და ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში რჩებიან. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.











