პირველი აპრილიდან თბილისის მოსწავლეებისთვის ლურჯი მიკროავტობუსები უფასო იქნება, სტუდენტები და სკოლების და ბაღების მასწავლებლები კი, შეღავათებით ისარგებლებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
პირველი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსები დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სქემაში ჩაერთვება და ტარიფები და შეღავათები მეტროსა და ავტობუსებში აქამდე არსებულ წესების მსგავსი იქნება.
ამასთან, პირველი აპრილიდან, ლურჯ მიკროავტობუსებში, რომელ მარშრუტებზეც მგზავრობის ტარიფი 80 თეთრი ღირდა – 50 თეთრი გახდება. მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით.
„ტარიფის შემცირებასთან ერთად, ამუშავდება საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ გადაადგილების სქემა, თუ აქამდე ეს მხოლოდ ავტობუსზე და მეტროზე ვრცელდებოდა, რეფორმის ფარგლებში ამას დაემატება ლურჯი მიკროავტობუსებიც. ასევე ყველა ის შეღავათი რომელიც არსებობდა და რომლითაც სარგებლობდნენ მომხმარებლები, შესაძლებელი იქნება გამოიყენონ მიკროავტობუსებშიც. რა თქმა უნდა ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მოსახლეობას დავუსუბსიდირებთ მგზავრობას”, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.










