„ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ, მდგომარეობის ესკალაციისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის. თუ „ქართული ოცნება“ დააკავებს ნიკა მელიას, ეს იქნება დიდი შეცდომა, დიდი უსამართლობა და საბოლოო ჯამში, თვითონ “ქართული ოცნება” დაზარალდება”,- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ქართული ოცნება” სამართლებრივი სივრციდან დიდი ხანია გასულია, როცა პოლიტიკურ ოპონენტებზე სამართლებრივ დევნას აწარმოებს, ახორციელებს ზეწოლას და არჩევნებს აყალბებს. იმას რაც ხელისუფლების მხრიდან მელიასთან მიმართებაში ხდება, არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, სამართლიანობასთან, ეს არის პოლიტიკური დევნა. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს ყველა სახის პოლიტიკური დევნა, გაათავისუფლოს ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პოლიტპატიმრები, მათ შორის, გიორგი რურუა და მოუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას იმ საკითხებზე, რაზეც დაიწყო მოლაპარაკებები და რამაც შექმნა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში“, – ამბობს ჩიხლაძე.










