მრავალფეროვანი ოპოზიცია ძალიან ღირებულია და მისი ამოცანა მთავრობის კონტროლია, – განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.
„ოპოზიციის არსებობა პარლამენტში დემოკრატიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ისე კი არ ხდება, რომ მმართველი გუნდია პარლამენტის აქტიური ნაწილი და ოპოზიცია მხოლოდ აკვირდება, არამედ მას აქვს ამოცანები, აკონტროლოს მთავრობა, დეტალურად გაარკვიოს საკითხები, წარადგინოს უკეთესი შეთავაზებები, შეიმუშავოს ალტერნატივები. და ამისათვის მრავალფეროვანი ოპოზიცია, რომელიც რამდენიმე პარტიისგან შედგება, ბუნებრივია ძალიან ღირებულია და ამიტომ მოხარული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, რომელიც პარტიებმა ერთობლივად შეათანხმეს, პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტია აირჩიეს. უფრო მეტი პლურალიზმი შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ეს არჩევნები უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გახლავთ“, – განაცხადა ელჩმა.











