„მტკიცებულებები იყო ნოლი, მოსამართლემ პროკურატურას ასიამოვნა და მიიღებს ალბათ დიდი მადლობას პროკურატურისგან“, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„მტკიცებულებები იყო ნოლი, ფაქტიურად არ არსებობდა გიორგი მერაბიშვილის მიმართ , უბრალოდ სასამართლომ გადმოიწერა ბრალდებაში რაც ეწერა ფრმულირება, რომ ამათმა ჩაიდინეს დანაშაული და ყველა გაამტყუნა ყველა ნაწილში. ხომ შეიძლებოდა, რომ ერთი პირი მაინც ერთ რაღაცა საქმეში გაემართლებინათ. პროკურატურას ასიამოვნა და მიიღებს ალბათ დიდი მადლობას პროკურატურისგან“, – განაცხადა როსტომ კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები – ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის სხდომას, ის 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.











