თბილისის „დინამოს“ წარმომადგენლები სოციალურ ქსელში კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურებიან, რომელიც მის გადაცემა „სპორტი იმედზე“ გუშინდელ სტუმრობას მოჰყვა.
კლუბში აცხადებენ, რომ კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას.
ამასთან, კლუბი ფარერების კუნძულზე განცდილ მარცხზე საზოგადოებას ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ამ მტკივნეული მარცხის განზოგადოება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორია.
„რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე ამ მტკივნეული მარცხის განზოგადოება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ჩემპიონი ფარერების კუნძულის გუნდთან 6:1 დამარცხდა.











