ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, ის მზად არის ეროვნული ლიდერი გახდეს. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.
„მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღო და ეროვნული ლიდერის როლი ვიკისრო, რათა ქვეყანაში ვითარება დაწყნარდეს და ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ, რათა ჩვენ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი, უმოკლეს დროში მოვამზადოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის“,- განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ბელარუსში ერთი კვირაა იმართება. დემონსტრანტები პრეზიდენტ ლუკაშენკოს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.1%, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.12% მიიღო.











