“საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მოსაზრებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონი უდიდესი პოტენციალის მატარებელია გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, სამხრეთ კავკასიის საკითხზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ ერთმანეთისკენ უნდა გავიხედოთ და რეგიონალური თანამშრომლობა გავაძლიეროთ, რაც საქართველოსთვის უპირობო პრიორიტეტია. ჩვენ განსაკუთრებით წარმატებული თანამშრომლობა გაგვაჩნია აზერბაიჯანთან, ის სტრატეგიული პარტნიორია, ისევე როგორც თურქეთი. ისტორიულად მეგობრულ და ახლო ურთიერთობები გვაქვს სომხეთთან, სადაც ძალიან დიდი პოტენციალია.
აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან კარგი პრაქტიკული მაგალითები გაგვაჩნია, საუბარია, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე, ბაქო-თბილისი-ერზერუმზე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტსა და სამხრეთ კასპიის გაზსადენზე, ასევე ტრანსანატოლიურ და ტრანსადრიატიკულ ნავთობსადენებზე. ეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის დემონსტრაციაა. სწორედ ამიტომ გვინდა მივიტანოთ ჩვენი ეს გზავნილი ყველა ჩვენ მეზობლამდე და განვუცხადოთ ჩვენს სომეხ კოლეგებს, რომ, მზად ვართ, ტრიოს ფორმატში – საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი – ვიმუშაოთ რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით”, – განაცხადა მინისტრმა.











