ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმებოდნენ ისინი, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს ერთ სასტუმროში შეხვდნენ, „შემთხვევით“, ბევრ რამეზე მეტყველებს.
„ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმებოდნენ ისინი. ახლა შეიძლება დაიწყონ საუბარი იმაზე როგორ აღმოჩნდნენ შემთხვევით ამ პატარა ქვეყნის პატარა დედაქალაქში ერთ სასტუმროში, იმიტომ რომ მეორე სასტუმროში ადგილი არ იყო. დაახლოებით ასეთ არგუმენტებს ველოდებით. სიმართლე არის ერთი – ეს იყო ლეგიტიმური ეჭვი, ეჭვი, რომელიც დღეს დადასტურდა ფაქტებით. წარმოუდგენელი და გამორიცხული იყო გახარიას მოქმედებები ამის გარეშე. როგორც ჩანს ისინი სამომავლო გეგმზე სასაუბროდ შეხვდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს ერთ სასტუმროში შეხვდნენ, „შემთხვევით“, ბევრ რამეზე მეტყველებს, ბევრ რამეზე აუხელს თვალს ბევრ ადამიანს ამ ქვეყანში“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით კი, მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ, ტყუილია.
„ეს არის მმართველი პარტიის მორიგი ტყუილი. როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობენ იმ შეხვედრებზე, რაც ბატონ გახარიას ჰქონდა ბრიუსელში და ახლა უკვე ამერიკაში აქვს. სამწუხარო არის ის, რომ ამ შემთხვევაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-იც ჩართეს ამ ტყუილების ტირაჟირებაში. ძალიან ვწუხვარ ამაზე. ესეც არის ტყუილი, რომ თითქოს ბატონი გახარია და სააკაშვილი ცხოვრობენ ერთ სასტუმროში. სასტუმროს დასახელება ნამდვილად არ ვიცი. ტყუილია, რომ ბატონი გახარია შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და ტყუილია, რომ ისინი ცხოვრობენ ერთ სასტუმროში. ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული შეხვედრები ჰქონდა ბატონ გიორგი გახარიას, როგორც ბრიუსელში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბევრი სერია ვნახეთ აქამდე ტყუილების და ეს, თუ არ ვცდები, მე-4 სერიაა, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან წამოვიდა. მმართველ პარტიას რომ აქვს პანიკა, ეს არის ფაქტი. საზოგადოებაც ღიმილით უყურებს ამას და „ქართული ოცნება“ ამას უკვე თავის პარტაქტივსაც ვერ აჯერებს. შეხვედრა არ შემდგარა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისათვის, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.











