ნამოხვანში გურიიდან ჩასულმა სამოქალაქო აქტივისტებმა, კარავი გაიშალეს.
„ნამოხვანში გურულების კარავიც გაიშალა…მალე უფრო დიდი კარავიც გაიშლება. ბიჭები არ მოშორდებიან რიონის დამცველებს. ეს ქვეყანა ჩვენია და მხოლოდ ერთად დგომით შევინარჩუნებთ მამულს. მიყვარხართ და მეამაყებით ბიჭებოო! საქართველოს ყველა კუთხის კარავი უნდა გაიშალოს ნამოხვანში, რიონის პირას“, – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამოქალაქო მოძრაობა – „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“.
ნამახვანჰესის მშენებლობას მოწინააღმდეგეები რამდენიმე თვეა აპროტესტებენ და ღამეს სამშენებლო ადგილზე ათევენ. ისინი ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას” ტერიტორიიდან გასვლას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰესი მათ საცხოვრებელს დააზიანებს. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი










