ორი თვის განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო 8 პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა – შენახვისთვის.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინისა“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო – ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 129 აბი და აბის 2 ნატეხი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვა – გასაღების და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა – შენახვა – გასაღების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.











