ლეიბორისტულ დარბაზში შექმნილმა უპრეცედენტო ოპოზიციურმა ერთიანობამ, ჩვენი დიდი ხალხის მხარდაჭერით ისტორიული შედეგი მოიტანა. ხელისუფლება იშლება, მმართველი გუნდი გახეთქილია და ახალი არჩევნები გარდაუვალია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი ისტორიის განგებით ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს მოხდა. ქართველმა ხალხმა მას კარგი სიურპრიზი და საჩუქარი გაუმზადა იმ ძალადობის, გადაგდების, გაღატაკების, სახელმწიფოს ჩამოშლისთვის, რაც მან და მისმა ე.წ. გუნდმა იკადრეს. ახლა დადგა ჟამი, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, გავატაროთ ძირეული საარჩევნო რეფორმა და უახლოეს ხანში ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივებით, რომლის მთავრობაც იმუშავებს ხალხზე, სიღატაკის დაძლევაზე, ქვეყნის ფეხზე წამოყენებასა და არა საკუთარ ჯიბეზე.
მანამდე, მოვითხოვთ ტექნიკურ მთავრობას და ტექნიკურ პრემიერ-მინისტრს. არავითარი პარტიული, სახელგატეხილი, ტარტაროზი ფიგურა პრემიერ-მინისტრად და მით უფრო პოლიტიზებული მინისტრები. ყველაფერი ეს გამოიწვია მმართველი გუნდის დანაშაულებრივმა ქმედებებმა. მათი უკან დაუბრუნებელი დაღმასვლა დაწყებულია. იმედს ვიტოვებ, მეტად არ მოტეხავენ კისერს და ქვეყანა ძალიან მალე გადავა ახალ მშვიდობიან, ევროპულ, კონსტრუქციულ სტადიაში. ახლა არის პოლიტიკური კრიზისის კულმინაცია. კრიზისი ყოველთვის არ არის ცუდი. როდესაც ჩვენ ვიბადებოდით, ჩვენს დედებს სასტიკად სტკიოდათ მუცელი. ეს იყო კრიზისი, მაგრამ მან შვა ახალი სიცოცხლე თქვენი სახით. აი, ამ კრიზისმა შვა ახალი საქართველო“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა.
გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა.
მისი თქმით, ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.











