„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პარტიას პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
ამასთან, როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას ისინი უახლოეს დღეებში დაასახელებენ.
„ამ ეტაპზე, თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს, ან ფიქრობს დასახელებაზე. აქ ვერ ვხედავ ვერანაირ დანაშაულს. ყველა პარტია მოწოდებულია, რომ მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მათ შორის პიროვნულ ფაქტორზეც“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას მხარს, ნათელაშვილმა უპასუხა:
„ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა გვეყოლება და ამ დღეებში დავასახელებთ. თუ ჩვენი გვეყოლება, სხვას როგორ დავუჭერთ მხარს“, – აცხადებს ის.
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა თავად შალვა ნათელაშვილი წარდგენილი პრემიერობის კანდიდატად.
ასევე, დაგაინტერესებთ: „ევროპული საქართველო“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს











