14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილეს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.
|რა განცხადებები გაკეთდა:
- NATO-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი:
„ჩვენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებსა და ჰიბრიდულ თავდასხმებს ვხედავთ – ამან რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია.
ჩვენი ურთიერთობები ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუმცა, ნატო ადაპტირებას ახორციელებს. ნატო რეაგირებას ახდენს. თავდაცვის შესაძლებლობების ოპერატიული გაძლიერება უპრეცედენტო დონეზე განვახორციელეთ. ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებას განვაგრძობთ. თუმცა, ჩვენ ასევე მივისწრაფით რუსეთთან დიალოგისკენ. დიალოგი სისუსტეს არ ნიშნავს. ჩვენ ერთიანი და ძლიერნი ვართ და რუსეთთან საუბარი შეგვიძლია“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატოს შავ ზღვაში ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც საქართველო და უკრაინა არიან.
„ნატოს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს – საქართველო და უკრაინა. ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან. უკრაინას ვეხმარებით საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე“, – ამბობს სტოლტენბერგი.
ასევე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსა და უკრაინას რეფორმების გატარებაში დაეხმარება, რათა ისინი ალიანსს უფრო დაუახლოვდნენ.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებს – უკრაინასა და საქართველოს. ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით გავაგრძელებთ მათი რეფორმების მხარდაჭერას“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როდის შეძლებს საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას იენს სტოლტენბერგმა უპასუხა:
„საქართველოსთან მიმართებაში მესიჯი იგივეა, რაც უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ გთავაზობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. მათ შორის არის თბილისში საწვრთნელი ცენტრი. საქართველო არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. მე კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მხარდასაჭერად”.
- სლოვენიის პრემიერ-მინისტრი, იანეზ იანშამი
„ყოველთვის, როდესაც განვიხილავთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალს, მომავალ სტრატეგიებს, ეს გაფართოებაა. ჩემი ღრმა რწმენით, ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება, ეს არ არის კარგი და ხელს არ უწყობს მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას.
გაფართოება ნიშნავს ყველა იმ დემოკრატიული ქვეყნის მოწვევას, რომელიც ახლოსაა ჩვენს რეგიონთან და, რომელთაც გაწევრიანება სურთ. გაფართოება ასევე ნიშნავს, მოიწვიო სხვა პარტნიორები, ყველა თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ჩვენ ძირითად ფასეულობებს. თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი მიზნები, მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას, რათა ნატო-ს ქვეყნებს ჰქონდეთ ტექნოლოგიური უპირატესობა, განსაკუთრებით სამხედრო ტექნოლოგიებში“, – განაცხადა იანეზ იანშამ.
- თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი:
ნატო-მ აქტიური როლი უნდა შეასრულოს იქ, სადაც ალიანსის უსაფრთხოების ქოლგა საჭიროა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შავ ზღვამდე, ევროპიდან აზიამდე.
ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან მათი პრინციპები და გააძლიერონ ალიანსი. ალიანსმა აქტიური როლი უნდა შეასრულოს იქ, სადაც ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა საჭიროა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შავ ზღვამდე, ევროპიდან აზიამდე. ახლა არ არის პასუხსიმგებლობისგან თავის არიდების დრო, ახლაა პასუხისმგებლობის აღების დრო. ნატო-მ საკუთარ თავზე უნდა აიღოს უფრო მეტი ეფექტიანი ინიციატივები გლობალური გამოწვევების წინაშე ყოფნისას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
- ლიეტუვის პრეზიდენტი
„იმისათვის, რომ მოვახდინოთ სხვადასხვა საფრთხესთან გამკლავება უნდა შევძლოთ ბიუჯეტის გაზრდა. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, იქნება ეს პირდაპირი სამხედრო რეაქციები, კიბერთავდასხმა თუ სხვა.
მივესალმები NATO-ს ღია პოლიტიკას. პირველ რიგში, მხედველობაში გვყავს ჩვენი მეზობლები, საქართველო და უკრაინა, გაცემული პირობები უნდა შესრულდეს, ვგულისხმობ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს. რუსეთთან მიმართებაში უნდა ვიყოთ ერთიანი და პასუხიც უნდა იყოს საერთო, რადგან ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობაშია ბელარუსი, რომლის გადაყლაპვასაც ცდილობს რუსეთი,” – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
|NATO-ს სამიტის დეკლარაცია – საქართველო ალიანსის წევრი გახდება
NATO-ს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება და ამის განუყოფელი ნაწილი წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) იქნება.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, რომლის განუყოფელი ნაწილი წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) იქნება.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე, როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმას, რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება მისი დამსახურებით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი გარეშე ჩარევისგან. როგორც გაღრმავებული შესაძლებლობების პარტნიორი, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან ფართო სპექტრის საკითხებში.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატოს ოპერაციებში, რაც ცხადყოფს მის ერთგულებასა და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში.
ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმებში, რომელიც საქართველომ განახორციელა და რომელიც დაეხმარა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ალიანსთან ურთიერთქმედებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით გადადგმულ ნაბიჯებს განახლებული არსებითი ნატო-საქართველოს პაკეტის განსახორციელებლად. ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგობის გამყარების, ტრენინგებისა და წვრთნების და უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით ნატო-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
|საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება გამართულ სამიტს, რომელზეც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დადასტურებულია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა „პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის“.
მისასალმებელია, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახა და პირდაპირი დადასტურება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. ნიშანდობლივია, რომ წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ მოკავშირეები სწორ შეფასებას აძლევენ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობას და გამოთქვამენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა საქართველოსთან.
საქართველო განსაკუთრებით აფასებს, წევრი ქვეყნების მტკიცე, თანმიმდევრულ და ქმედით მხარდაჭერას ქვეყენის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. წევრი ქვეყნების მხრიდან ადექვატურად იქნა შეფასებული რუსეთის ფედერაციის მცდელობა „ძალადობრივი“ მეთოდებით მოახდინოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან და ხაზი გაესვა ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების, მათი უკანონო დაკავების და შევიწროვების გახშირებულ შემთხვევებს. მისასალმებელია ალიანსის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
საქართველო ასევე მიესალმება წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოსთვის, როგორც ალიანსის მომავალი წევრისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ნატო-ს გაძლიერებისკენ და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან უკეთ გამკლავებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ბრიუსელის სამიტზე.
საქართველო მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას განაახლოს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. ახალი კონცეფცია უკეთესად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ალიანსის ერთგულებას მისი ძირითადი ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ და განსაზღვრავს ნატო-ს სამომავლო განვითარების მიმართულებებს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადექვატურად იქნება ასახული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ „NATO 2030-United for a New Era” დოკუმენტში გაფართოების საკითხთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გაიზიარებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი.
მოკავშირეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ რუსეთი, მისი უკანონო ქმედებებით, ხელს უშლის აღნიშნული წესრიგის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ამ ქვეპუნქტშიც იქნა განხილული.
მისასალმებელია ალიანსის გადაწყვეტილებები შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ნატო-მ 2014 წლიდან დაიწყო მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება შეიარაღებული ძალების მზაობის გაზრდითა და მის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო განლაგებებით. სწორედ ამ კონტექსტში ხორციელდება ნატო-ს აქტიური ძალისხმევები შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ გააუმჯობესონ ალიანსის მზაობა, რეაგირება და თავდაცვა. ქართული მხარე მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ნატო-ს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში, რაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და კიდევ უფრო განამტკიცებს უსაფრთხოებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.
წევრი ქვეყნების მიერ ყურადღება გამახვილდა მედეგობის გაძლიერების საკითხზეც, რაც უმნიშვნელოვანესია ალიანსის სამი ძირითადი ამოცანის – კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვის და თანამშრომლობითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დესტრუქციული აქტორები ხშირად იყენებენ კონვენციური და ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, საქართველო მიესალმება ამ მიმართულებით ალიანსის შესაძლებლობების გაძლიერებას და არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ტრანსატლანტიკური ერთობის პრინციპი და მისი განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც 2021 წლის სამიტის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს წარმოადგენდა.” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











