„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“საკუთარ ხედვას ვენეციის კომისიაში გააგზავნის, ამის შესახებ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს „თბილისი მერიოტში“ განუცხადა, სადაც საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნული შეხვედრა კი „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მხარდაჭერით ტარდება.
„ამ დოკუმენტის ფარგლებშიც გაცილებით უკეთესი დოკუმენტის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე ის ვერსია, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს და რომელიც უკვე გაიგზავნა ვენეციის კომისიაში შენიშვნებისთვის.
მინდა გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” აპირებს, სავარაუდოდ. სხვა პარტიებთან კოორდინაციით, რომ საკუთარი ხედვა ასევე გაუგზავნოს ვენეციის კომისიას იმისათვის, რომ რეალურად მივიღოთ ფუნდამენტური ცვლილებები და ნებისმიერი მომავალი არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში“, – აცხადებს ბოკუჩავა.










