ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებმა, ასევე ონლაინ ჩაერთვნენ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პაატა ბურჭულაძე.
„არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები, მაგრამ მოგიწოდებთ ყველას, დღეს ყველანი უნდა გავხდეთ პოლიტიკოსები, რადგან ჩვენი ქვეყანა დაღუპვის პირას არის და ჩუმად ყოფნა დანაშაულია. თუმცა რაღაც კარგიც ხდება, განსაკუთრებით ქუთაისში, დღეს ჩვენ მაჟორიტარობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძეს წარვადგენთ. გრიგოლი არის ჩემი მეგობარი. შემიძლია ვთქვა, რომ ის არის დიდებული პიროვნება, დიდებული ოჯახის პატრონი, უგანათლებულესი ადამიანი და ამ ქვეყნის პატრიოტი. დარწმუნებული ვარ, ის თავის დაპირებებს შეასრულებს და ქუთაისს ისევ გახდის საპარლამენტო ქალაქად“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
„საქართველოს დიდი აღმშენებლობა ორჯერ დაიწყო სწორედ ქუთაისიდან. ქუთაისში დავდე ჩემი საპრეზიდენტო ფიციც. ძალიან მარტივია. ახლოვდება, იწევა დიდი ნაციონალური ტალღა. ეს არის აღმშენებლობის ტალღა. ჩემთვის მათი ეპოქის სამარცხვინო ნიმუშად რჩება ჩვენი სათაყვანებელი გელათი. არაფერი ახლის შექმნა და გაკეთება არ შეუძლიათ, სამაგიეროდ, გაფუჭებაში ბადალი არ ჰყავთ. ვისაც კიდევ გაქვთ ეჭვები გულში, არც კი გაივლოთ დამარცხებაზე ფიქრი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.











