„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარეშე, საქართველოში „დიდი პოლიტიკური პროცესის წარმართვას გამორიცხავს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი „იმ დოზით იქნება ჩართული, რაც პარტიას გამარჯვებას მოუტანს“.
„იქნება თუ არა ჩართული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში, პირველ ყოვლისა, ეს მისი გადასაწყვეტია. პირველ რიგში, ის არის ქართველი და ფიქრობს საქართველოზე. რა თქმა უნდა, მისი როლისა და ჩართულობის გარეშე დიდი პოლიტიკური პროცესი საქართველოში ვერ წარიმართება. რა დოზით და როგორ, ამას თვითონ მოგახსენებთ.
ის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპატიო თავმჯდომარე და რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წევრი მასთან კონსულტაციას გადის. მისგან ძალიან სასარგებლო რჩევებს ვიღებთ. ის იმ დოზით იქნება ჩართული არჩევნებში, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელი იქნება. მისი როლი საერთო გამარჯვებაში ძალიან დიდია“,- განაცხადა ნაყოფიამ.
შეგახსენებთ, დაახლოებით, ორი თვის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











