„ნებისმიერი გამარჯვების ფორმულა მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ განიხილება“,- ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა „ნაცმოძრაობა“ რომ სააკაშვილი მათი პარტიის სიის პირველი ნომერი იყოს, მიუხედავად კანონში არსებული წინააღმდეგობისა, დეკანოიძე გვპასუხობს:
„რას ნიშნავს გამორიცხვა? ჩვენ სიის ათეულზე, ჯერჯერობით, არ გვაქვს საუბარი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი სტრატეგია წარმოუდგენელია. სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ ვერაფერს გეტყვით.
არ ვიცი, როგორ შეიძლება საკანონმდებლო დონეზე, რომ სააკაშვილი სიაში იყოს, მაგრამ ნებისმიერი გამარჯვების ფორმულა მიშას გარეშე არ განიხილება. ჩვენი სტრატეგია და გამარჯვების ფორმულა განხილული იქნება ყველა ადამიანთან და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.
ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან. ის ჩვენი პარტიის ლიდერია. ჩვენ უახლოეს პერიოდში საუკეთესო სტრატეგიას წარვადგენთ, რაც საჭირო იქნება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, ეს იქნება, სავარაუდოდ, კოალიციური მთავრობა.
გვესმის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად. სიის ათეულს ოცეულს, ჩვენ გადავწყვიტავთ, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ეს იქნება ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილება”,- განაცხადა დეკანოიძემ.
შეუძლია თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება – რას გვეუბნება კანონი?
როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, სააკაშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეა და თან, მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
„სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ აქ ყველაფერი დამთავრებულია. ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონდეს, კი ბატონო. სააკაშვილი საქართველოშიც რომ იყოს, ის ბუნებრივია, გისოსებს მიღმა იქნებოდა, მას სასამართლო განხილვები ექნებოდა და არა საარჩევნო კამპანია.
მას პარტიის წევრობაც არ შეუძლია, კამპანიას რომ თავი დავანებოთ. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი ამბობს, რომ საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე“,- განაცხადა ალაფიშვილმა “პრაიმტაიმნიუსთან”.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. თუმცა როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











