„ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის გზა აირჩია, კონკურენტად არ აღიქვამს. როგორც „პრაიმტაიმნიუსისთვის” გახდა ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ისნის რაიონის მაჟორიტარულ ოქლში ვაშაძესთვის კონკურენტის დაყენებას გეგმავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე „პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ პირველად შეთანმხება ვაშაძემ დაარღვია, ამიტომ „ნაცმოძრაობის“ მიერ ისნის რაიონში მაჟორიტარი კანდიდატის დასახელება შეთანხმების დამრღვევად ვერ ჩაითვლება.
„ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვადასხვა პარტიასთან და მათ შორის, ჩვენს შტაბებთან. როგორც კი მივიღებთ კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას. გიორგი ვაშაძის ნათქვამზე არავითარ კომენტარს აღარ გავაკეთებ, რადგან მან შეთანხმება მაშინ დაარღვია, როცა გაერთიანებული ოპოზიცია დატოვა.
ჩვენთვის მთავარი ფოკუსი არის „ქართული ოცნება“ და არა ის, რა თქვა გიორგიმ. ჩვენ მივიღებთ საუკეთესო გადაწყვეტილებას პარტიული სიისთვის, რათა ხმები არ დაიკარგოს. ჩვენ ამოვდივართ იმ პოზიციიდან, რომელი იქნება საუკეთესო გადაწვეტილება „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის. რას ამბობს გიორგი, ამას ნამდვილად არ მინდა ჩავუღრმავდე.
გიორგის მიერ ჩვენი ერთობის დატოვა სწორი პოლიტიკური სტრატეგია იყო? – მე მიმაჩნია, რომ არ იყო. შესაძლოა, მას მიაჩნია, რომ ეს სწორი იყო. ამ ეტაპზე ჩვენთვის და არც ერთი ოპოზიციისთვის გიორგი არ არის კონკურენტი. ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა იმ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელსაც დავუჭირეთ მხარი. რაც შეეხება გიორგის, მან დატოვა გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენ ხომ არ დაგვიტოვებია“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ასევე, დეკანოიძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა ოპოზიციასთან შეუთანხმებელი იყო, რაც არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ როდესაც ჩარკვიანის კანდიდატურა დადგა საბურთალოს ოლქში, ეს იყო დარღვევა, რადგან როდესაც ერთობა არსებობს, ეს ყველაფერი უნდა შეთანხმდეს. მერე გიორგის ბლოკში აღმოჩნდა ქალბატონი თამარი. დღემდე ვფიქრობთ, რომ მისი ეს ნაბიჯი არაპროპორციული იყო.
ჩვენ გვახსოვს, რომ ელისაშვილთან დაკავშირებით, საერთო კანდიდატზე იყო საუბარი და მაშინ ამ კუთხით იყო წინააღმდეგობები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან. ანუ გარკვეულწილად, ჩარკვიანის კანდიდატად დასახელება შეუთანხმებელი იყო და მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სამართლიანი. მაგრამ ამ ეტაპზე შიდა დაპირიპირებისა და მოლაპრაკების გარეთ გამოტანა ნამდვილად არ მინდა“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისნის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წარადგინა. „ნაცმოძრაობა“ კი ამავე ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვაშაძეს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დატოვა.










