ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ აცხადებს, რომ პატარა პარტიები “ნაციონალური მოძრაობის” ბულინგის მსხვერპლი არიან, რადგან ფინანსური და მედია რესურსი მხოლოდ “ნაციონალებს” აქვთ და ურჩ პარტიებს “გააშავებენ”.
„მთავარი პრობლემა არის, რომ პატარა პარტიებს მართლაც უჭირთ, რადგან პრაქტიკულად, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელშია დიდი ფინანსური რესურსი, თავის დროზე მოპარული თანხები. ყველამ ხომ ვიცით და ვხედავდით, რომ მათი მთავარი სამარკო ნიშანი ფასადური მშენებლობა იყო, ხელოვნური, მოჩვენებითი, ფასადური აღმშენებლობა. რეალურად, მივიღეთ რამდენიმე პიარული პროექტი. ერთი, ორი პროექტი განხორციელდა, რათა ფასადზე გამოდებულიყო. მაგრამ შემდეგ ვხედავდით, რომ მაგალითად, მარჯანიშვილზე როდესაც გაივლიდი, გარედან ძალიან ლამაზი იყო, ხოლო გვერდიდან ჩამონგრეული კედლები გხვდებოდა და მუშტი რომ მიგერტყა, „გიფსოკარდონში“ შეიძლებოდა, ხელი შესულიყო. ანუ, საოცრებებთან გვქონდა საქმე და ფასადური აღმშენებლობით ამ ადამიანებს რაღაც პროგრესთან დაკავშირება უნდათ. მაგრამ რეალურად, ესენი იყვნენ ელიტარული კორუფციის წარმოუდგენელი მასშტაბის შემოქმედი ხალხი. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“, მისი ლიდერების და ლიდერის ხელში არის დიდი ფინანსური რესურსი, ასევე მედიარესურსი. ბუნებრივია, პატარა პარტიებს კიარ ვამართლებ, მაგრამ მათ ამ მომენტის გათვალისწინება უწევთ. მათი დაბულინგების შესახებ ჰაერზე კიარ ვამბობთ, რეალურად ბულინგდებიან. იმხელა მედიარესურსი აქვთ, რომ აქვთ საშუალება, „გააშაონ“, მათ რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედონ. გახსოვთ, ალეკო ელისაშვილზე რა მასშტაბის კამპანია წამოვიდა. ამის ეშინიათ, ვიღაცამ გაუძლო, ვიღაც ვერ უძლებს და ბულინგდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











