დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ქვეყანა მილიონ მოსახლეზე გადათვლით სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, დეზინფორმაციას უწოდებენ.
ცენტრის დირექტორის მრჩეველი, ნათია სხვიტარიძე განმარტავს, რომ ეს არასწორად ინტერპრეტირებული მონაცემებია და ინფორმაციის გამავრცელებელს შეგნებულად აქვს შერჩეული და მონიშნული ის ქვეყნები, სადაც ამ ეტაპზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. ოფიციალური საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის.
„წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასწორად ინტერპრეტირებული. შერჩეული ქვეყნები, სადაც საქართველო ამ სურათზე არის წარმოდგენილი წამყვან ქვეყნად, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შედარებული არის იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წუთებში სიკვდილიანობა არის ძალიან დაბალი. რეალური ციფრით, ოცეულშიც არ მოიაზრება საქართველო ოფიციალურად დადასტურებული ციფრებით“, – აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 324 256 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 303 679, გარდაიცვალა 4336 პაციენტი.











