დღეს, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, მოდელი ნელი დოროყაშვილის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართება.
როგორც „პრაიმტაიმს“ ჩოგბურთელის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, პროცესი ონაილნრეჟიმში ჩატარდება.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000- ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
გარდა ამისა, ბასილაშვილს სასამართლომ შემაკავებელ ორდერთა ნაწილიც მოუხსნა. ერთ-ერთი მათგანი მცირეწლოვანი შვილის ნახვას ეხება და ეს ორდერი ამჟამად უკვე გაუქმებულია.











