ეს არ არის ჟურნალისტური გამოძიება. ეს არის პიარ-მანქანა, რომელიც ამუშავდა არჩევნების წინ, – ასე აფასებს მაია ნიკოლეიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმის გაშუქებას გარკვეულ მედიასაშუალებებში.
„ჯერ არაფერი იყო გაკეთებული, გამოძიება ახალი დაწყებული იყო და ამ დროს, წარმოიდგინეთ, წინასწარ უკვე გაფუჭებულიაო გამოძიება. ეს ხომ წინასწარ, სქემით მიდიოდა ყველაფერი, ეს ხომ დაგეგმილი იყო, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა გამოძიებას, მაინც დამნაშავე იქნებოდა სახელმწიფო“, – აცხადებს ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გუშინ 17 პირი დააკავეს.











