საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრალიის ელჩს საქართველოში, მარკ ინეს ბრაუნს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და მათი გაძლიერების გზების, მათ შორის – საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებებზე ისაუბრეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ავსტრალიელ დიპლომატს ავსტრალიის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც როგორც ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე არაღიარების პოლიტიკას შეეხება, მადლობა გადაუხადა.
ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძემ დეტალურად მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რომლებიც გაწერილია მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ პირველ რეზოლუციაში საგარეო პოლიტიკის შესახებ.
თავმჯდომარემ ელჩს საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო.
მარკ ინეს ბრაუნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.
აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და კომიტეტის თავმჯდომარეს საპარლამენტო ხაზის გააქტიურების მნიშვნელობაში დაეთანხმა.
მისი თქმით, აუცილებელია ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების უფრო მეტად დაახლოება მეგობრობის ჯგუფების ეფექტური მექანიზმით.
შეხვედრაზე მხარეები რეგიონში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხნენ და უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.
აღინიშნა, რომ რეგიონში რუსეთი გავლენის გაზრდა დამატებით გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად – რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც.
აგრეთვე, ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტს, კერძოდ, საქართველოს და ავსტრალიის საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო პლატფორმებზე ერთნაირ პოზიციონირებას.
შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ სამხარაძემ მარკ ინეს ბრაუნს, რომელიც მალე დატოვებს მის პოზიციას, წარმატებები უსურვა და საქართველო-ავსტრალიის თანამშრომლობის საპარლამენტო ხაზის გაძლიერება აღუთქვა.











