მივმართავ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები კითხვის ნიშნებს არ იწვევდეს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბურჯანაძე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით ითხოვს, რაც ბიულეტენების გადათვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
„მინდა საგანგებო ბრიფინგით გამოვეხმაურო ქალბატონი ეკა ბესელიას მიერ გახმოვანებულ ინიციატივას, რომელიც მან დღეს განაცხადა და რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში დამატებით ცვლილებებს წარადგენს, რომლებიც არჩევნების შემდეგ, საეჭვო უბნებზე ხმების გადათვლას ეხება.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკას ამ ინიციატივისთვის და საგანგებოდ აღვნიშნო, რომ აღნიშნული თემა ჯერ კიდევ შარშან იხილებოდა, როდესაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები იყო და პრაქტიკულად, მიღწეული იყო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ამოცანისა და მიზნის შესასრულებლად, რასაც არჩევნებისადმი ნდობის ამაღლება ჰქვია, ძალიან მნიშვნელოვანია, უბნების გადათვლა არ იყოს პრობლემური და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება მიღწეული იყო.
გასაკვირი არ არის, რომ ეს შეთანხმება არ შესრულდა. აღნიშნული ინიციატივა მეორე მოსმენით გახმოვანდა პარლამენტში, თუმცა პარლამენტის ხელმძღვანელობამ და მმართველმა გუნდმა ის ისე გაატარა, დიდად არც შეიმჩნია და შესაბამისად, კენჭისყრაზე არ დადგა. ამიტომ, უკვე ერთადერთი გამოსავალი იყო კენჭნაყრელი საარჩევნო კოდექსის შემდეგ, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ხელახალი ინიციატივა გახმოვანებულიყო.
მინდა საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდო, აუცილებლად დაჩქარებული წესით განიხილოს აღნიშნული კანონპროექტი და ამავდროულად, მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.











