ოჯახს როცა ვესაუბრე, ერთ-ერთი საკითხი, რაც მათი მხრიდან წამოიწია იყო ის, რომ მედიის მხრიდან ცალკეული ქმედებები მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი იყო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბუნებრივია, ყველას კარგად ესმის, რომ სახალხო დამცველი არ არის ის ორგანო, რომელიც მედიასაშუალებებს ეტყვის, რა ფორმით ან როგორ მოიპოვონ ინფორმაცია. თუმცა, გარკვეული თხოვნა თუ რეკომენდაციები ყველა მოქალაქის თუ მედიასაშუალების მიმართ მაქვს, ვინც აღნიშნული საქმის გარშემო ავრცელებს ინფორმაციას. ჩემი თხოვნა იქნება, პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს და არასასურველი გადაღებისგან დავიცვათ მათი ოჯახური და პირადი სივრცე. ასევე, ძალიან მძიმეა ოჯახისთვის, როდესაც ვრცელდება კადრები, ფოტოსურათები ან გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა პირის მხრიდან, რაც ოჯახის წევრების განცხადებით მათ ტრავმირებას იწვევს. ამიტომ, ალბათ ესეც გასათვალისწინებელია, რომ ისე გავავრცელოთ ან გავაშუქოთ აღნიშნული ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის წევრების მდგომარეობაზე, ასევე ბრალდებულებთან დაკავშირებითაც მინდა გთხოვოთ, ისე არ გაშუქდეს ინფორმაციები, რომ ვინმე უკვე დანაშაულის ჩამდენად წარმოვაჩინოთ, ვინაიდან ჯერჯერობით არავის მიმართ წარდგენილი ბრალი დადგენილი არ არის“,- განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.










