“ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, თუ საერო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო არცერთ შემთხვევაში, მით უმეტეს ის გაურკვეველი სიუჟეტები, რაც გადიოდა სხვადასხვა მედიაში, სხვა ბავშვებს სტრესავს, უბრალოდ არ შეიძლება.
კონსულტაციები უნდა აიღონ ამ ადამიანებმა, ვიდრე ასეთ ნაბიჯებს გადადგამენ. დღეს რაც ხდება, აქამდე ვითარება არ უნდა მისულიყო და უფრო ადრე უნდა მოგვარებულიყო. ვფიქრობ, დღევანდელი მონიტორინგი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მონიტორინგისთვის შევიდეს სახალხო დამცველი ან ვინმე სხვა, ვინც საჭირო იქნება და შეასრულოს თავისი მოვალეობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონატის ყოფილმა ბენეფიციარმა მედიასთან სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქით, პანსიონატში აღმზრდელები ბავშვებს სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ასევე, მისი განცხადებით, თავად აღმზრდელები საუბრობნენ, რომ პანსიონის მმართველმა მეუფე სპირიდონმა ბავშვზე იძალადა და საქმე პროკურატურამ მიჩქმალა.










