ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე სუს-ში დაიბარეს.
მელაძის თქმით, გამომძიებლებს კითხვები „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით აქვს, რომელიც გიორგი გაბუნიას შესაძლოა ლიკვიდაციას უკავშირდება.
„დახლოებით ერთი საათის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ ხვალ გამოკითხვაზე ვარ დაბარებული.
საქმე ეხება მათ წარმოებაში სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის გიორგი გაბუნიაზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების საქმე.
როდესაც ვთხოვე გამომძიებელს, თუ რასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები, მან მითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა იმ ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც შაბათს „ტვ პირველმა“ მოამზადა.
მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით. მათ შორის, რომელიც შესაძლოა ქართული სპეცსამსახურებისთვისაც იყო ახალი“, – ამბობს ნოდარ მელაძე.
მისივე თქმით, იგი სუსში ხვალ 11 საათზეა დაბარებული. როგორც მელაძემ განაცხადა მასთან ერთად გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურში, „ტვ პირველის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეა დაბარებული.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა.
დაკავებული ვასამბეკ ბოკოვია, თუმცა შესაძლოა ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იყოს.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ამ შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო – ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ვლადიმერ პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.











