პროკურატურის განცხადებამ აჩვენა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ არის პოლიტიკური დევნა და მას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა, რადგან ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
„უკანონო პოლიტიკური გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მიერ იყო პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და დიქტატურის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. აგრეთვე, ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქმე არის პოლიტიკური შინაარსის და გადაწყდება მთავრობის შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემდეგ“,– განაცხადა მან.
მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა რჩება იგივე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ოფისში დააკავეს.
25 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი, რომლებიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.











