ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ განაცხადა.
„მარტო მე, და ჩემს გარდა კიდევ ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აქვს მოპოვებული და მიწოდებული მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. ასე რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ. გილოცავთ მთლიან საქართველოს!“, – განაცხადა დოლიძემ.
დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.











